თბილისის მერიას სხვადასხვა ადგილებზე ელექტონული დაფების ე.წ. “გაიდდესკის” განთავსებას სთხოვენ

701

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ქალაქ თბილისის სხვადასხვა ადგილებზე ელექტონული დაფების ე.წ. “გაიდდესკის” განთავსებას სთხოვენ. პროექტის ავტორის თქმით, “გაიდდესკებში”ჩატვირთული ინფორმაცია დედაქალაქის სტუმრებს მისცემს საშუალებას, რომ გაეცნონ ქალაქ თბილისის ტურისტულ, ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა პოტენციალს.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  165 მიმდინარე, 173 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი,  466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “GUIDE DESK- ის” განხილვას ითხოვს.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2581 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია  ნინო აბრამიშვილის იდეა განიხილოს.

“საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით – ქალაქ თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე (მაგ: აბანოთუბანი, მეიდანი, სოლოლაკი, რუსთაველის გამზირი, კალა და ა.შ.) განთავსდეს ელექტონული დაფები ე.წ. “გაიდდესკი” (“GUIDEDEშK”), რომელშიც ჩატვირთული ინფორმაცია დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს გაეცნოს ქ.თბილისის ტურისტულ, ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა პოტენციალს.

“გაიდდესკში” სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) ჩატვირთული იქნება სხვადასხვა სახის საინტერესო ინფორმაცია თბილისის ისტორიული ძეგლების შენობა ნაგებობების და სხვა ცნობილი თუ უცნობი ფაქტების შესახებ. ასევე ქ.თბილისის რუკა, სადაც მონიშნული იქნება ტურისტულ მარშრუტებზე (სხვადასხვა ლოკაციებზე) “გაიდდესკი” – ს განთავსების ადგილები, კულტურული და გასართობი ცენტრები, ქალაქის მაშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები, სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვა.

“გაიდდესკი” წარმოადგეს ე.წ. “პლანშეტურ კომპიუტერს” ან შედარებით დიდი ზომის ელექტრონულ საინფორმაციო დაფას, (დიდი ზომის “გაიდდესკი” შესაძლებელია განთავსდეს აეროპორტში, სარკინიგზო, სატრანსპორტო ავტოსადგურებში, მეტროპოლიტენში), რომლის დიზაინი შესაბამისობაში იქნება ქალაქ თბილისის არქიტექტურასთან, დატვირთული იქნება ლოკაციის ადგილის შინაარსიდან გამომდინარე მხატვრული ელემენტებით და მომხმარებელი შეძლებს გაეცნოს ღირშესანიშნავი ადგილის, კულტურული ძეგლის თუ შენობანაგებობის ისტორიას. (მაგ: რუსთაველის თეატრის მიმდებარედ განთავსებული :გაიდდესკი”-ს “პლანშეტი” ჩასმული იქნება დაძველების ეფექტის ჩარჩოში, რომელიც გაფორმდება – “რიჩარდ მესამის” გვირგვინის ხოლო რუსთაველის ძეგლთან კი “ვეფხისტყაოსნის” ატრიბუტიკით).

“გაიდდესკი” აღიჭურვება ვიდეო კამერით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ლოკაციებზე “ლაივში” მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და გადაადგილების სასურველი მარშრუტის შერჩევა. ვიდეო კამერას ასევე ექნება “გაიდდესკი”-ს უსაფრთხოების ფუნქცია.

“გაიდდესკი” გააქტიურებისთანავე მომხმარებელს მიაწვდის სარეკლამო ხასიათის ინფორმაციას სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების (მეტრო, საქალაქო ტრანსპორტი, ტაქსოკომპანიები) განრიგის შესახებ. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება “გაიდდესკი” – დან “აპლიკაციის” გადმოწერა.

“გაიდდესკში” რეკლამის განთავსების მსურველი კომპანიების მიერ გადახდილი თასნხების სრულად დაფარავს პროექტის ხარჯებს და დასაქმდება ადამიანთა გარკვეული ჯგუფი.

პროექტი მზარდი ხასიათისაა და შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ქალაქ თბილისის სრული მაშტაბით ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც”, – აღნიშნავს პროექტის ავტორი, ნინო აბრამიშვილი.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა