გორის მერი: სამსახურის კომპიუტერებში Facebook-ი დაბლოკილი გვაქვს

725

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მერიაში არსებულ კომპიუტერებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გარდა, Facebook-ი ყველგან დაბლოკილია. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

გორის მერი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება და კომენტარების დაწერა მობილური ტელეფონებიდანაც შეზღუდული აქვთ.

“მერის თანამდებობაზე მოსვლის დღიდან შევუთანხმდი თანამშრომლებს, რომ სამსახურში Facebook-ი არ უნდა გამოეყენებინათ. ზოგმა დაარღვია პირობა, ზოგმა დაიცვა წესი. შემდეგ კი, გადავწყვიტეთ საერთოდ დაგვებლოკა გასართობი საიტები. პირობას ვერ დაარღვევენ, სადმე თუ შევნიშნეთ სოციალური ქსელის გამოყენების ფაქტი, პასუხს ტექნიკურ სამსახურს მოვთხოვთ“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ამბავზე, ზაზა სარალიძის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის ქვეშ, მერიის თანამშრომლები სწორედ სამუშაო საათებში წერდნენ კომენტარებს.