ბათუმში მოქალაქემ გზა ქვა-ღორღით დაანაგვიანა და დარღვევის შესახებ თავადვე განაცხადა

1043

გუშინ ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქემ საავტომობილო გზის ნაწილი ქვა-ღორღით დაანაგვიანა, სანდასუფთავების სამსახურში თავადვე დარეკა და დარღვევის შესახებ მაკონტროლებლებს აცნობა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეს ​არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე  200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, ტერიტორია კი მალევე მოაწესრიგეს.

მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ნარჩენებით დანაგვიანების ფაქტები ხშირია. არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ტერიტორიას ტოვებენ და შემდეგ მათი ძებნა ვიდეოჩანაწერების დახმარებით უწევთ.

​”ცემენტი მიჰქონდა და რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში დაეყარა. ბათუმში ბევრი მშენებლობაა და, შესაბამისად, სამშენებლო მასალები ხშირად გადააქვთ. შეტყობინება, ძირითადად, ბათუმის მერიიდან შემოდის. ასევე, ჩვენი ჯგუფები ქალაქში მონიტორინგს ახორციელებენ და დარღვევებს აფიქსირებენ. ამ შემთხვევაში მოქალაქემ დარეკა. პატიოსანი ადამიანებიც არიან. აღნიშნულ შემთხვევაში გაფრთხილებას ვერ მივცემდით, რადგან შემთხვევა ქალაქის ცენტრში იყო. არიან ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ჯარიმის შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით მოქალაქეებს ვაფრთხილებთ კიდეც. რაც შეეხება საჯარიმო თანხებს, ეს “ნარჩენების მართვის კოდექსითაა” გაწერილი”, – აცხადებს სანდასუფთავების ​​მონიტორინგისა და ზედამხეველობის სამსახურის უფროსი შოთა თოდაძე.