სიღნაღში, ქალაქ წნორსა და სოფელ საქობოში ქალთა სახლები გაიხსნა

717

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორსა და სოფელ საქობოში ქალთა სახლები გაიხსნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფონდის, ფრიდრიხ ებერტის დაფინანსებით ახორციელებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელძღვანელმა, ნათია ქევხიშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანია ქალების პოლიტიკაში გააქტიურება.

„ქალთა სახლების მიზანია მოვიძიოთ სოფლად მცხოვრები ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრების წესით, არ უტარდებათ ტრენინგები, არიან დიასახლისები, აქვთ განათლება მიღებული, მაგრამ თავი ვერ დაიმკვიდრეს და ა.შ. პროექტის ფარგლებში ქალებს ჩავუტარებთ ტრენინგებს პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, ქალთა ლიოდერობაზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, თვითმმართველობის არსზე და ა.შ. ჩვენ გვინდა, რომ ქალებს გავუჩინოთ მოტივაცია, აქტიურად ჩაერთნენ პოლიტიკაში, გახდნენ საკრებულოს წევრები და თვითმმართველობაში დაიკავონ საპასუხისმგებლო თანამდებობები“, – განაცხადა ნათია ქევხიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქალთა სახლები უკვე მოქმედებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანსა და ჯუგაანში.