გადაურჩება თუ არა ახალქალაქის ციხე დანგრევას? – რას აპირებს ხელისუფლება

1398

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის ციხის რესტავრაციას გეგმავს, თუმცა, როდისთვის, ჯერ არ იცის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პორტალი  jnews.ge ავრცელებს.

ციხეს, რომელიც, უკვე წლებია, ნახევრად დანგრეულია, ჯერ კვლევაც კი არ ჩატარებია, თუ რა მდგომარეობაშია ის.

ახალქალაქის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ქალაქის მცხოვრებნი შიშობენ, რომ ციხე, შესაძლოა, ბოლომდე განადგურდეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან jnews.ge-ს უთხრეს, რომ მათთვის ციხის მდგომარეობის შესახებ ცნობილია და მისი რესტავრაციის პროექტის შემუშავებას გეგმავენ.

“ჩვენ საკითხი რეგიონული განვითარების ფონდთან დავსვით. არაერთხელ ვცადეთ, ციხეზე გარკვეული სამუშაოები ჩაგვეტარებინა. ახლა კი ვმუშაობთ, რომ რესტავრაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ამ დროისთვის არ შემიძლია გითხრათ, როდის დაიწყება სამუშაოები, თუმცა, ჩვენ ვეძებთ დონორებს, რომ ციხის აღდგენა სრულად მოხდეს”, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ციხის განადგურების საშიშროება არ არსებობს.

“ციხის ბოლომდე დანგრევის საშიშროება არ არსებობს. ამის მიუხედავად, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავიწყოთ აღდგენის სამუშაოები. ცხადია, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ციხე განადგურდეს”, – თქვა ანთიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოხდება ციხის როგორც კონსერვაცია, ისე რესტავრაცია. მიუხედავად ამ დაპირებისა, სპეციალისტებს ამ ტერიტორიაზე ჯერ არ უმუშავიათ, არ შეუსწავლიათ, რა მდგომარეობაშია ახალქალაქის ციხე და არც ის იციან, რა თანხა დაჯდება მისი სრული აღდგენა.

“პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წარვადგინოთ, ვინაიდან დაფინანსების მიღება იოლი არაა. სწორედ ამის გამო ვაწარმოებთ დონორებთან მოლაპარაკებებს. როგორც კი პროექტი დაფინანსდება, გაირკვევა სამუშაოების თანხის რაოდენობაც და ისიც, თუ როგორი გვექნება შედეგი”, – განმარტავს ანთიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობას ციხის აღსადგენად თანხის გამოყოფის უფლება აქვს, თუმცა, ეს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.

“თუ მუნიციპალიტეტს სურს ჩვენთან თანამშრომლობა, სააგენტო მზადაა, დაეხმაროს მას, ვინაიდან ეს ჩვენი საერთო ძეგლია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩართული იყოს ამ პროცესში”, – განაცხადა ანთიძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძლია, ციხის მიმდებარე ტერიტორია განავითაროს, თუმცა, აქ მშენებლობა აკრძალულია და ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი სააგენტოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.