თბილისის საკრებულომ კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ შეთავაზებულ ახალ პირობებს მხარი დაუჭირა

615

თბილისის საკრებულომ კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ შეთავაზებულ ახალ პირობებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრას ოპოზიცია არ ესწრებოდა, უმრავლესობამ კი კომპანიის მიერ შეთავაზებული ახალი პირობები ერთხმად მოიწონა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

საკრებულოში საკითხის კენჭისყრამდე, თბილისის მერიამ “ას ჯორჯიას” 15 ჰექტარ ფართობზე დენროლოგიური პარკის მოწყობის ვალდებულება მოუხსნა. კომპანიამ 7,5% მშენებლობები უნდა განახორციელოს, დარჩენილ ფართობზე კი, როგორც საკრებულოში აცხადებენ, 3,5 მილიონ დოლარის ფარგლებში პარკი უნდა მოაწყოს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ კომპანია აშენებული ფართიდან 6,5%-ს მუნიციპალიტეტს გადაუფორმებს, ჯამში მუნიციპალიტეტი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 15 მილიონ ლარს მიიღებს. დავითულიანის თქმით, კომპანია აცხადებდა, რომ 15 ჰექტარ ფართობზე დენდროლოგიურ პარკს ვერ გააშენებდა და თანახმა იყო 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმა გადაეხადა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯიასთან“ 2011-2012 წლებში დადებული ხელშეკრულების დეტალები განმარტა.

ირაკლი ზარქუას თქმით, ინვესტორი მზად იყო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის საბანკო გარანტიის გათვალისწინებული 300 ათასი ლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაეხადა, რაც ჯამში 4 მილიონი ლარი იქნებოდა.

„ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა ინვესტორს შესთავაზა 15 ჰექტარიდან 7,5 ჰექტარზე გაეშენებინა ჩვეულებრივი პარკი, რისთვისაც 3 მილიონ დოლარს დახარჯავდა, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე გააშენებდა საცხოვრებელ ფართს, საიდანაც მუნიციპალიტეტს გადასცემდა 5+1,5%-ს,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა. მან დეტალურად დათვალა ის თანხები, რომლებიც კომპანიის მიერ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება, რაც ჯამში 16 მილიონი ლარი გამოვიდა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, 2011-2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, ეს ტერიტორია სახელმწიფოს კომპანია „დირსისთვის“ საკუთრებაში უნდა გადაეცა, ახლა კი მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ზონის მშენებლობის შედეგად „დირსისგან“ დაახლოებით, 9 მილიონი ლარის ფართს მიიღებს, ასევე 7,5 ჰექტარზე გაშენებული პარკი 3 წელიწადში მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში.

ამ საკითხის კენჭისყრიდან მოხსნა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მოითხოვა. მან თქვა, რომ პროექტის განხორციელება მიზანშეუწონელია და მერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

ხაბეიშვილის თქმით, 2012 წელს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დენდროლოგიური პარკის მოწყობის პირობით, შპს „ას ჯორჯიას“ 15 ჰექტარი ერთ ლარად გადასცა.
„ვალდებულება იყო, რომ უნდა მოეწყო დენდროლოგიური პარკი, სადაც ასევე განთავსდებოდა ორი პატარა მედპუნქტი, პოლიკლინიკა და დაიხარჯებოდა 3,5 მლნ დოლარი. ამჯერად, კახი კალაძის დედაქალაქის მთავრობამ დენდროლოგიური პარკის ვალდებულება მოუხსნა კომპანიას და 7,5 ჰ. ფართობზე მშენებლობის უფლება მისცა. თავის დროზე, როდესაც სახელმწიფომ ლარად მისცა კომპანიას ქონება, კონკრეტულ დივიდენდს იღებდა, ანუ, დენდროლოგიური პარკი გაშენდებოდა, საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნებოდა. 3,5 მლნ დოლარი კი ინვესტიცია იქნებოდა. ახლა გვეუბნებიან, რომ 7,5 ჰ ფართობი მისცეს ერთ ლარად. რის ფასად? თბილისელების ქონება მერიამ კომპანიას რატომ უნდა გასცეს ერთ ლარად?! იმისთვის, რომ მრავალსართულიანი კორპუსები ააშენოს? მეეჭვება, რომ 7,5 ჰ. ფართობს ვინმე ვისმეს ისე აძლევდეს. აქ არის კონკრეტული კორუფციული გარიგება, რაზეც სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. ასევე, მერიას არც ერთი ლარით არ დაუჯარიმებია კომპანია, რომელსაც 3,5 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და არ განახორციელა. ეს „დირსი ჭალის“ ტერიტორიაა და პროექტ „დირსის“ შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.