ანაკლიის პორტის დიზაინს მსოფლიოში წამყვანი საპროექტო კომპანია BergerABAM-ი შეიმუშავებს

1058

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალურ დიზაინს მსოფლიოში წამყვანი საპროექტო კომპანია BergerABAM-ი შეიმუშავებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ , ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია საპროექტო და სამშენებლო მენეჯმენტის დარგში.

„ტენდერში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში შესული კომპანიები. მათგან საუკეთესო შემოთავაზება „ლუი ბერჯერის“ ჯგუფის წევრმა „ბერჯერ აბამმა“ წარმოადგინა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ არჩეული კომპანია საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

BergerABAM-ი საპროექტო, საინჟინრო, საზღვაო სფეროს, სამშენებლო მენეჯმენტის, წყალქვეშა კვლევებისა და გარემოსდაცვითი სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, რომლის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ პროექტებს შორისაა პანამის, დუბაის, მექსიკის, ვაშინგტონის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურისა და პროექტირების განვითარება“, – აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“.

მათი ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალური დიზაინი ნავსადგურის პირველი ფაზის სრულ პროექტირებას მოიცავს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილი საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი კონსორციუმმა 2017 წლის პირველ ნახევარში შეიმუშავა და ის საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნავსადგურის დეტალურ დიზაინზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ტენდერის ბოლო ეტაპზე, მოლაპარაკებების ფარგლებში, BergerABAM-ის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ეწვივნენ და ტერიტორია ადგილზე მოინახულეს, სადაც მათ ანაკლიის პორტისა და ოპერატორი კომპანიის, „ესესეი მარინის“ მენეჯმენტმა უმასპინძლეს.