სიღნაღის მერიაში ოთხ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადდა

837

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე დახრული კონკურსი გამოაცხადა. მერიაში ამბობენ, რომ თავისუფალია ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებისა და იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსების თანამდებობები. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“სამსახურის უფროსის თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო განყოფილების უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველს კი უნდა ჰქონდეს 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც. გარდა ამისა, ყველა კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”, – თქვეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყების ინფორმაციით, ვაკანტურ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 1200-დან 1500 ლარამდე მარყეობს.
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობაც 12 თვეა. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა აუცილებელია, წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.