მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობისას გასახლებულ მოქალაქეებს კომპენსაცია გადაეცემათ

327

წინა სტატია

უახლოეს დღეებში, მთაწმინდის პარკისა და ქალაქის ცენტრის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგურის მშენებლობისთვის საჭირო გასახლების პროცედურა დაიწყება, კონკრეტულად კი მოქალაქეებს, საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას შესთავაზებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე ისინი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ, ამ ბინების ღირებულებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“უახლოეს რამოდენიმე დღეში კონკრეტული შეთავაზებები მოსახლეობას ალბათ გაუკეთდება, თუმცა მოსახლეობა ხვალაც რომ გავიყვანოთ იქიდან, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სჭირდება შესაბამისი ნებართვები, რაც დამოკიდებულია ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სსიპ-ზე”, – აცხადებს მთაწმინდის საბაგიროს განვითარების ჯგუფის უფროსი ლაშა დალაქიშვილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სწორედ ნებართვის მიღების პროცედურა მიმდინარეობს.

“ამ ეტაპზე ჩვენ დასრულებული გვაქვს სრულიად საპროექტო სამუშაოები, ნებართვის გაცემის პირველ ეტაპზე ვართ , ეს არის სამშენებლო ნებართვა საბაგიროს მშენებლობისთვის. ვინაიდან მთაწმინდის მთა მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გარკვეულ ბიუროკრატიულ პროცედურებს საჭიროებს, შესაბამისად ყველა ჩართულ უწყებასთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ. აუცილებლად ნებართვის აღების შემდეგ მოხდება ტენდერზე გატანა და შემდეგ შესყიდვა. რამდენიმე ტიპის დასკვნა გაკეთდა უკვე, რაც უშუალოდ შეეხებოდა საბაგირო გზას, ეს არის გეოლოგია, პროექტის ექსპერტიზა და ა.შ.”, – აცხადებს ლაშა დალაქიშვილი. მისი თქმით საბაგიროს მშენებლობა რთული პროცესია და საქმე არ ჭიანურდება.

“პარკის მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია, გადახდილია ის დიდი თანხა, რომლის მეშვეობით ავსტრიაში უკვე 4 წლის განმავლობაში ეს დანადგარები დასაწყობებულია, განიცდის ბუნებრივ ცვეთას. შემოსავალს მარტო ჩვენ კი არ ვკარგავთ, პარკი, რომელიც დოტაციურია, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს და ეს არ უნდა მოეთხოვოს?”, – განაცხადა მთაწმინდის პარკის დირექტორმა, გელა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიასა და ავსტრიულ კომპანია ,,DOPPELMAYR”-ს შორის, მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით, ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა.

მთაწმინდის საბაგირო 1990 წლის 1 ივნისს ჩამოწყდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.