თბილისში ტაქსით მომსახურება სანებართვო საქმიანობა ხდება

1067

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის გათვალისწინებით, თბილისში ტაქსით მომსახურება სანებართვო საქმიანობა ხდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილება, თანმდევ პროქტებთან ერთად, მესამე მოსმენით 77-ხმით მიიღეს.

პროექტის მიხედვით, თბილისის მთავრობა საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ვადას, გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს.

ტაქსით მომსახურება სანებართვო პირობების დარღვევით – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ტაქსით ნებართვის გარეშე საქმიანობა – დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ამასთან, 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე, თბილისის მთავრობამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესი. ერთიანი საინფორმაციო ბაზა უნდა შეიქმნას არაუგვიანეს 2018 წლის პირველ ოქტომბრისა, რომელზეც წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.