GWP: მე-15 საბავშვო ბაღში წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზი ნორმას შეესაბამება

1501

წინა სტატია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, წყლის ხარისხის გამო თბილისის მე-15 საბავშვო ბაღის დროებით დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წყლის სიმღვრივესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთანავე  მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი მოკვლევა ჩაატარეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„2 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია მე-15 ბაგა-ბაღში წყლის სიმღვრივესთან დაკავშირებით, რასაც კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვა. ცენტრალური ლაბორატორიის წარმომადგენელი ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ადგილზე გავიდა და შესაბამისი მოკვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მე-15 ბაღის ტერიტორიაზე ან მის არეალში წყალმომარაგების სისტემაზე დაზიანება არ ყოფილა და არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა. იმის მიუხედავად, რომ შიდა ქსელი GWP-ს კომპეტენციაში არ შედის, კომპანიამ ბაღის შიდა სისტემა გარეცხა. ამის შემდეგ, წყლის სიმღვრივე მომენტალურად გამოსწორდა”,-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა პირველ არხთან საუბრისას და აღნიშნა, რომ წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზის შედეგი ნორმას სრულად შესაბამება.

GWP-ს ცენტრალური ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები აიღეს. სინჯების აღებიდან 3 საათში დადგინდა, რომ წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზის შედეგი სრულად შეესაბამებოდა ნორმას. მიკრობიოლოგიური ანალიზის პასუხები კი – 72 საათში გახდება ცნობილი”-აცხადებენ კომპანიაში.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, მე-15 ბაღში დაბინძურებული წყლის გამო 2 დღე სასწავლო პროცესი შეწყდება.