ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს

771

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძესა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას შეეხო, სადაც დეტალურად მიმოიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე, ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა ძალაში შესვლაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაართულებს.

„ძველი თბილისის რეაბილიტაცია არ ეხება მხოლოდ ისტორიული შენობების აღდგენას, ეს საკითხი, პირველ რიგში, იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს და მათი უფლებების რეალიზებისკენ იყოს მიმართული. ჩვენთვის ძველი თბილისი არ არის მხოლოდ შენობა, ის არის ადამიანებს შორის ურთიერთობა, ტრადიციები, რაც შეუფასებელია. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რის ფარგლებშიც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად მივიღოთ. სწორედ ამიტომ, პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერებისა და რისკების გაანალიზების საფუძველზე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დადებითად შეაფასა აღნიშნული შეხვედრა და საკითხის დეტალური განხილვის საჭიროებაზე ისაუბრა. „მისასალმებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა, რადგან მოხდეს, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა, ამავდროულად, გაუმჯობესდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მექანიზმები“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის 1769 ძეგლია. მათ შორის, 1759 ძველი თბილისის ისტორიულ საზღვრებშია მოქცეული. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი, ძირითადად, 2007 წელს განიხილებოდა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ გარკვეულ ნაწილს კულტურულ ძეგლთან საერთო არაფერი აქვს. დღეს არსებული ძეგლებიდან დაახლოებით 1200-მდე საჭიროებს სხვადასხვა სახის რეაბილიტაციას, ამისთვის კი საჭიროა რეგულარული სამუშაო ჯგუფების არსებობა და თბილისის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობა,“ – განაცხადა ხარატიშვილმა.

კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მოსაზრებით, ძალიან ხშირად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იღებენ იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც მათ ტერიტორიაზეა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში მარტის დასაწყისში  თქვა.