მოქალაქეები, პეტიციით, მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევას მოითხოვენ

830

Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვენ.

“არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის”, – წერია პეტიციაში.

პეტიციას ჯერ მხოლოდ 1244 ხელმოწერა აქვს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.  ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.