დარგობრივ კომიტეტში სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე იმსჯელეს

873

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ შესახებ კოდექსზე იმსჯელეს. კომიტეტის წევრებმა საკითხს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე იყო. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, დასრულების ფაზაში შევიდა „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსზე მუშაობის რამდენიმეწლიანი პროცესი.

”ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებას მშენებლობის თემებთან დაკავშირებით აწუხებდა, კოდექსში ასახულია. კოდექსის განხილვებს თვეები დასჭირდა და რამდენიმე პრინციპული საკითხის გამო უამრავი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დარგის სპეციალისტებთან. ჩვენ გვსურდა, რომ კოდექსში ასახულიყო არქიტექტურული საქმიანობა. შედეგი დადგა, კოდექსის სათაურიც შეიცვალა და დღეს ჩვენ გვაქვს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის შესახებ კოდექსი. სათაურს დაემატა “არქიტექტურული საქმიანობა.” ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი სათანადოდ და ამომწურავად არ არის გაშლილი – როგორც სამშენებლო საქმიანობის, ისე არქიტექტურული საქმიანობის შესახებ კანონი და სხვადასხვა დადგენილებები არქიტექტურასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ძალაში რჩება.

კოდექსში არის ძალიან ბევრი სიახლე, რაც საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებდა. კონკრეტულად, ჩვენ ყველამ ვიცით შენობა-ნაგებობებისადმი არსებული მოთხოვნები და მნიშვნელოვანია, რომ კოდექსი ასახავს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიც გახლავთ არქიტექტურული პარამეტრები, ესთეტიკასთან დაკავშირებული საკითხები, სამშენებლო მასალების ხარისხი. მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა, შშმ პირებისათვის საზოგადოებრივი სივრცის ხელმისაწვდომობის საკითხი. კოდექსი ასევე ყურადღებას ამახვილებს ინსოლაციის მინიმალურ მოთხოვნებზე, სახანძრო უსაფრთხოებაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, კოდექსით კოეფიციენტების ზრდასთან დაკავშირებული ნორმა იცვლება და სამომავლოდ მხოლოდ მთლიანი უბნის თუ კვარტლის კოეფიციენტი დადგინდება.

”მე ვაპირებ, შევქმნა კომიტეტთან მუდმივმოქმედი კომისია, სადაც ყველა ის ადამიანი იქნება წარმოდგენილი, რომელიც კომიტეტზე გახლდათ და მონაწილეობდნენ კოდექსის სამუშაო პროცესში: არქიტექტორები, მშენებლები, ურბანისტები და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კოდექსზე მუშაობას და აღმოიფხვრება დარჩენილი ხარვეზები. შეუძლებელი იყო იმ ხარისხის კონსენსუსის მიღწევა, როგორიც ყველას უნდოდა. ამიტომაც გახანგრძლივდა ეს პროცესი. თუმცა, ძირითადი კონსენსუსი მიღწეულია და მუშაობა გაგრძელდება მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, რომელიც კომიტეტთან შეიქმნება”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.