ისნის რაიონის გამგეობამ აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ დაიწყო

559

ისნის რაიონის გამგეობამ აქცია “გაამწვანე შენი უბანი” დაიწყო. აქციის ფარგლებში, გამწვანების პირველი ღონისძიება მოსკოვის გამზირის N29დ კორპუსის მიმდებარედ გაიმართა, სადაც 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გამწვანების უახლესი სტანდარტების შესაბამისად, ოთხ მეტრამდე სიმაღლის 15 ძირი ცაცხვის ხე და წიწვოვანი ბუჩქები დაირგო.

ტერიტორიაზე, ასევე, იგეგმება სკვერის მოწყობა, სადაც სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. გამწვანების აქციაში ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

აქციის “გაამწვანე შენი უბანი” მიზანია, ისნის რაიონში დასახლებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული სივრცეების განვითარება, ამ მიმართულებით ისნის რაიონის გამგეობა არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.