იმერეთი გერმანიაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მეორედ მონაწილეობს

174

ბერლინში ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაში მონაწილეობას 180 ქვეყანა იღებს და 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 160 000 ვიზიტორს ელოდებიან.

“ნიუპრესის” ცნობით, ამ გამოფენაში უკვე მეორე წელია იმერეთის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მონაწილეობს. წელს იმერეთიდან ქუთაისის, ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები იყვნენ წარმოდგენილი.

საერთაშორისო ფორუმის გახსნას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი ესწრებოდა, ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართება იმერეთის დელეგაციის შეხვედრა გერმანიაში საქართველოს ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, სადაც საუბარი იქნება იმერეთის და გერმანიის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებაზე.

იმერეთის დელეგაციას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს და შემადგენლობაში არიან: გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და სხვა წარმომადგენლები.