კალაძის მერობის 100 დღე (ვიდეო)

254

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუშაობის 100 დღე შეაჯამა. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გამართული პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა მართვის პოლიტიკაზე საუბრით დაიწყო. მან განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მერიაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი განხორციელდა, მეორე ეტაპი კი, მალე დაიწყება.

პრეზენტაციიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ 30 მლნ ლარი დაიხარჯება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმაზე და ყველა პროექტზე ტენდერი გამოცხადდება. გარდა ამისა, თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არსებული პოლიტიკა “კრიტიკას ვერ უძლებს”. ამის მაგალითად მერმა ყვითელი ავტობუსების მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები დაასახელა. კახა კალაძის თქმით, დედაქალას უახლოეს მომავალში მოემსახურება 100 ახალი ევროპული აბტობუსი, “ძალიან მალე” კი, მოხდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და კომპანია “შტადლერის” მეტროს ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, გაზაფხულიდან დაიწყება დახაზვითი სამუშაოები და განათდება ე.წ. ზებრა გადასასვლელები. დედაქალაქის მერმა ტაქსების აღრიცხვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

რაც შეეხება ურბანულ პოლიტიკას, თბილისის მერის თქმით, განხორციელდება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია, რაზეც საერთო ჯამში, 102 მლნ დაიხარჯება. ზოგადად, ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე კი, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 500 მლნ დაიხარჯება.

როგორც ცნობილია, კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას 13 ნოემბრიდან შეუდგა.

2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ დედაქალაქის მერის არჩევნებში მან 51.13%-ით გაიმარჯვა.