აუდიტის სამსახური: თეთრიწყაროში, საბავშვო ბაღებში სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, დეფორმირებულია იატაკი, კედლები და ჭერი

1021

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა.

კერძოდ, შპს “თხუნელა-პროფმა” 2015 წლის დეკემბერში  7 საბავშვო ბაღის (თეთრიწყაროს N1 და N2; სოფლების: ჯორჯიაშვილის, კოდის, ხაიშის, წინწყაროს და გოლთეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, რისთვისაც 203.4 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების საგარანტიო ვადა 2 წელს შეადგენს.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, დათვალირების შედეგად დადგინდა, რომ საბავშვო ბაღებში სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ – დაზიანებული და დეფორმირებულია იატაკი, კედლები და ჭერი, შეიმჩნევა ბზარები, დაზიანებულია ელექტროგაყვანილობა.

“შპს “ლიბო+“-ის მიერ 2016 წელს შესყიდულია სოფელ მუხათში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, თანხით 8.7 ათასი ლარი, რომელიც დასრულებულია 2016 წლის ნოემბერში. სამუშაოების საგარანტიო ვადა შერთი წელს შეადგენს. სკვერში უხარისხოდაა შესრულებული ბეტონის სამუშაოები. კერძოდ, მთლიან ფართობზე ბეტონი ტალღოვანი და ფორიანია, ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაუსრულებელია, კედლის ზედაპირი უსწორმასწოროა”,-წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამავე წყაროს თანახმად, “გამოვლენილი ხარვეზები შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ გამგეობის პასუხისმგებელმა პირებმა თავიდანვე ჩაიბარეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ან ობიექტის ჩაბარების შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული ხარვეზები”.

“ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხის კონტროლი ევალებოდა გამგეობის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს. აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს არ უნდა ჩაებარებინა ისეთი სამუშაოები, რომლებიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული ობიექტების მიღება-ჩაბარებისას გამგეობას (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) ხარვეზები არ დაუფიქსირებია. ნაკლოვანებები გამოვლინდა მათი ექსპლუატაციის პერიოდში. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში მიმწოდებლისათვის მოეთხოვა მათი გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა არ იყო გასული, გამგეობას (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის და არ მოუთხოვია ხარვეზების გამოსწორება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოვლენა. ამასთანავე, არ მუშაობს საგარანტიო პერიოდში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმი. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გახარჯული 694.0 ათასი ლარის სამუშაოები აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში უხარისხოა და მოსახლეობამ ვერ მიიღო შესაბამისი სიკეთე”,-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.