ვარკეთილის მეტროში მომხდარის გამო სატრანსპორტო კომპანიიდან რამდენიმე ადამიანს გაათავისუფლებენ

1360

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ ვარკეთილის ინციდენტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით მომხდარის გამო სატრანსპორტო კომპანიას რამდენიმე თანამშრომელი დატოვებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„სატრანსპორტო კომპანიიდან თანამშრომლების რაოდენობას რაც შეეხება, მე გუშინ დავავალე კომპანიის ხელმძღვანელს, ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა სატენდერო ღონისძიებებში, გათავისუფლდეს სამსახურიდან. ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუმცა, მოკვლევით, რომელიც ჩვენი მხრიდან ჩატარდა, არის გარკვეული დარღვევები და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა თანამდებობა დატოვონ“, – განაცხადა კალაძემ.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.