24 სოფელში გურჯაანის მერის წარმომადგენლების თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

24 ადმინისტრაციულ ერთეულში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

გურჯაანის მერიის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის, მაია ლალიაშვილის თქმით, წარმომადგენლების ერთ-ერთი ფუნქცია იქნება, ადმინისტრაციულ ერთეულებში კონტროლის განხორციელება და მერისთვის ინფორმაციის მიწოდება სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

„ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას და ა.შ. ამ თანამდებობის დასაკავებლად არ არის აუცილებელი არც გამოცდილება და არც უმაღლესი განათლება. კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც. სოფლებში მერის წარმომადგენლებს სპეციალური კომისია შეარჩევს“, – ამბობს ლალიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კონკურსი ორი ეტაპად ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. სოფლებში მერის წარმომადგენლის დარიცხული ხელფასი 1100 ლარია. ამჟამად ამ პოზიციაზე მოვალეობას 24 ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტები ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ 24 ადმინისტრაციულ ერთეულში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენლებს 1 იანვრიდან ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ.

მსგავსი სიახლეები