“სითი ინსტიტუტი საქართველო”: თბილისის გენგეგმაში რადიკალური ცვლილებები არ იქნება

567

წინა სტატია

“სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“თებერვლის ბოლოს უნდა იყოს საბოლოო შედეგი. სახეცვლილი არ იქნება ფაქტობრივად არც ერთი კონცეპტუალური საკითხი. მიდის შეხვედრები და ძირითადად დასაბუთებებზე ვსაუბრობთ. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ სამსახურებთან. არქიტექტურის სამსახურთან გვექნება ალბათ ხშირი შეხვედრები, რომ დაზუსტებები იმ ფორმით მოხდეს, რა ფორმაც იქნება მისაღები. ის, რასაც შეიძლება შენიშვნა დაარქვას არქიტექტურის სამსახურმა, ჩვენ ვარქმევთ შენიშვნას და ვამბობთ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და კიდეც ვთანამშრომლობთ”, – თქვა მამუკა სალუქვაძემ.

დღეს, 5 თებერვალს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოში გენგეგმაზე დისკუსიას იწყებს. ფრაქციამ შეხვედრაზე მიიწვია თბილისის მერი კახა კალაძე, არქიტექტურის სამსახურის უფროსი, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი და სხვა დაინტერესებული პირები.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

დეკემბრის ბოლოს, მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო.