მხოლოდ 3 ქალი დედაქალაქის მთავრობაში – ქალთა მონაწილეობა თბილისის თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მცირდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მთავრობა თბილისის მერის, მისი 5 მოადგილის, 13 საქალაქო სამსახურის უფროსისა და 10 რაიონის გამგებლისგან კომპლექტდება და მას საკრებულო ამტკიცებს.

ჯამში, დედაქალაქის მთავრობას 29 ადამიანი წარმოადგენს. მის ახალ შემადგენლობაში კი მხოლოდ სამი ქალი იქნება. აქედან ერთი, ირმა ზავრადაშვილი, თბილისის წინა მთავრობის წევრიც იყო. ის 2014 წლიდან დიდუბის რაიონის გამგებლის პოსტს იკავებს და ამჯერადაც სწორედ ამ პოზიციაზეა წარდგენილი.

ზავრადაშვილი პროფესიით ექიმია. ამასთან, მას გავლილი აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის ტრენინგები საარჩევნო და პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებით. მიღებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ზავრადაშვილი ხელმძღვანელობს “ქართული ოცნების” დიდუბის ორგანიზაციას.

თბილისის მთავრობაში ახალი სახეები იქნებიან მაია ბითაძე, რომელიც კალაძემ თავის მოადგილედ წარადგინა და სოფიო ხუნწარია, რომელიც კულტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს.

მაია ბითაძე პროფესიით იურისტია. ის 2014 წლიდან ბოლო დრომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მან თანამდებობა დატოვა და კალაძის საარჩევნო შტაბს შეუერთდა. ბითაძე ამ დრომდე ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

რაც შეეხება სოფიო ხუნწარიას, ის პროფესიით ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანიებში: “იბერია”, “მზე”, “იმედი”. იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი, აგრეთვე, სარეკლამო კომპანია “ვინდფორსის” აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან კი ხუნწარია ტელეკომპანია “არტარეას” ხელმძღვანელობს.

დედაქალაქის წინა მთავრობაში, რომლის შემადგენლობაც რამდენჯერმე შეიცვალა, თავდაპირველად 4 ქალი იყო – თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი გურანდა რომანაძე და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია. მოგვიანებით, იურიდიული სამსახურის უფროსი ჯერ ნატო ქიტიაშვილმა, შემდეგ კი სოფიო გიგანმა შეცვალეს. თუმცა, ქიტიაშვილი თბილისის მთავრობის შემადგენლობაში დარჩა – ის თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა. ამ შემადგენლობას დაემატა, ასევე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი.

როგორ შეიცვლება დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა მომდევნო 4 წელში, წინასწარ არავინ იცის. დღეის მდგომარეობით კი ფაქტია, რომ, წინა წლებთან შედარებით, ქალთა მონაწილეობა თბილისის თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მცირდება.

მსგავსი სიახლეები