თბილისის მერიის 2014-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში

გაეცანით თბილისის მერიის 2014-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.

ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები 7, 295 814,93 მ2 ფართს ჩაუტარდა, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია 755 ქუჩას ჩაუტარდა.

აშენდა სამება-მახათას და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზები, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთი, ბაგები-წყნეთის 12 კმ-იანი გზა, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან ზღვაზე გადასასვლელი  შემოვლითი გზა კი კაპიტალურად შეკეთდა. აგრეთვე, აღდგა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი  მოძრაობა, ხოლო პეკინის ქუჩაზე მოძრაობა გაცალმხრივდა.

“ახალი ტფილისის” პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დავით აღმაშენებლის გამზირს (მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე)

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულება – თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის 143 ავტობუსი შეიძინა, რომლებიც  12 ხაზზე გადანაწილდა. 70–იანი წლების შემდეგ პირველად აშენდა და გაიხსნა მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა, რომელიც ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. დამონტაჟდა 340 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელი.

დასუფთავების საკითხები – ქალაქში ამჟამად 20 687 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული. აქედან 12 870 შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, სწორედ, 2014-2017 წლებში შეიძინა.  ამავე პერიოდში  კომპანიას  48 ერთეული მძიმე და 30 დამხმარე ტექნიკა შეემატა. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქალაქში ქვეითი ინსპექტორები ოპერირებენ, რომელთა ფუნქციაც ქალაქის დაბინძურების აღკვეთაა. ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი და იწყება ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.

ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა – თბილისს 12 ახალი ბაგა-ბაღი შეემატა, 13 ახალი ბაღის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამები – თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური  ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29–31 პროგრამას. 2014–2017 წლებში კი 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი – გაორმაგდა.

აშენდა და 2016 წლიდან სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირებს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. ორხევში კი სოციალური საცხოვრისი გაიხსნა, რომელიც 75 ოჯახზეა (300–მდე პირი) გათვლილი.

განათლება, კულტურა და სპორტი – მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები 2015 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიას იღებენ.  2015 წლიდან დღემდე,  თანხა  369 მაგისტრანტს ჩაერიცხა, ხოლო სწავლა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა.

ქალაქის მასშტაბით  36 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და 441-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აშენდა რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი, რომლის ანალოგიც თბილისში მანამდე არ არსებობდა.  2016 წელს კი გაიხსნა  ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი.

იხილეთ ანგარიში სრულად

მსგავსი სიახლეები