რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

საგზაო მოძრაობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილები განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, თუმცა, კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი არ დაუჭირა, რადგან ის არასაკმარისად მომზადებულად ჩაითვალა.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები დეპუტატები – კახაბერ კუჭავა და გოგა გულორდავა არიან. მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არ ითვალისწინებს ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამის რეგულაციას. მათი მოსაზრებით, მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეიმუშაონ შესაბამისი წესი, რომელიც დაადგენს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად, ხოლო შემოთავაზებული ცვლილება ადგენს, რომ 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

კანონპორექტის თანახმად, იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველოსიპედის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, რაკი კანონი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აღასრულონ, მნიშვნელოვანია მათი პოზიცია აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, რადგან კანონპროექტი არასაკმარისად მომზადებულად ჩაითვალა.

მსგავსი სიახლეები