რას ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი სახელმწიფო სტანდარტები? – საქართველოს მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ეს სტანდარტები განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე, განსაზღვრავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გარემოსა და საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტს.

სტანდარტი სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისათვის, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა.

სტანდარტის მიზნებია: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელის შეწყობა; სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების მიზნით მისაღწევი შედეგების განსაზღვრა დაბადებიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე; აღზრდისა და განათლების შედეგების განსაზღვრა 2 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ ინდივიდუალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა თითოეულ ბავშვთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან; ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების უზრუნველყოფა; ბავშვის კოგნიტური განვითარებისა და სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფა; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა; ბავშვის განმავითარებელი უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

იხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტი სრულად: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები

მსგავსი სიახლეები