საუბნო კომისიებში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს

606

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა. ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს მოქალაქეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

ხმის დათვლის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიები, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს (გარდა თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებისა) და არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკოს გადასცემენ.

რაც შეეხება თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს, მას თავად ცესკო არაუგვიანეს 9 ნოემბრისა შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში, თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამ შემთხვევაში პარტიებმა 4%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ხოლო მაჟორიტარულ არჩევნებში ბარიერი არ არსებობს.