ცესკო ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

991

ცესკო ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებას ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ხარვეზი, ორი შემთხვევა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ხოლო სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

„ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. ორ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, 1 შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურდა, თუმცა ამომრჩეველს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, დანარჩენ შემთხვევებზე გავრცელებულ ინფორმაციას ვამოწმებთ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ივანე ნორაკიძის განცხადებით, სამგორის 82-ე, ნაძალადევის 74-ე, საბურთალოს 23-ე და მთაწმინდის 20-ე უბანზე 2-ჯერ დაფიქსირდა ე.წ. კარუსელი. მისი თქმით, უბანზე მისულ ამომრჩეველს, საკუთარ გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა.

ნორაკიძის განცხადებით, ის, რომ “კარუსელი” დატრიალდებოდა, ცესკო გაფრთხილებული იყო, თუმცა მათ პრევენციისთვის არაფერი გააკეთეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი