ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისში რამდენიმე უბანზე „პრეს-მედიის“ სახელით შესვლას ცდილობდნენ

605

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში, რამდენიმე უბანზე „პრეს-მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი, ცესკო-ს აკრედიტაციის გარეშე ცდილობდა უბანზე შესვლას.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მათი აკრედიტაციები სავარაუდოდ, გაყალბებული იყო, რის გამოც „პრეს-მედიის“ წარმომადგენლები უბნებზე არ შეუშვეს.

ანა მიქელაძე საარჩევნო საკითხებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან.

„ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრეს-მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის გაყალბებული. ჩვენ მოვუწოდებთ, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი