რა სჭირდება თბილისის მოსახლეობას – წარმოდგენები vs რეალობა

„სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“, ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩაატარა.

კვლევის პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე აქტიური საარჩევნო კამპანიების პარალელურად მიმდინარეობდა. 3000 მოქალაქის გამოკითხვის საფუძველზე კვლევის შედეგები მოსახლეობის საჭიროებების რეალურ სურათს იძლევა.

რესპონდენტთა შერჩევა საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა ცესკოს სიიდან მოხდა, გამოკითხვა თბილისის 10 რაიონში ჩატარდა.

თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების უმრავლესობა (56%) აცხადებს, რომ  ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. აქედან 22 % ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურადაა განწყობილი.

სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულების 21 სფეროა შეფასებული. აქედან ყველაზე პრობლემურად დასახელდა:

  • საყრდენი კედლები და ავარიული შენობები
  • სოციალური დაცვა
  • ახალი მშენებლობები
  • განათლების ინფრასტრუქტურა
  • გამწვანება
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

რესპონდენტებმა გამოკვეთილად დადებითად შეაფასეს თბილისის სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის შემდეგი სფეროები:

  • გარეგანათება
  • დაგვა-დასუფთავება
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა

ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, გზები, რეკრეაცია, ქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურის ინფრასტრუქტურა, კულტურული ღონისძიებები, სპორტი და ახალგაზრდობა – ნეიტრალურ შეფასებას იმსახურებს.

კვლევის მიხედვით, თბილისელთა გამოკვეთილი უმრავლესობა (66%) საერთოდ არ არის ინფორმირებული 2017 წლის ბიუჯეტისa და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ. კარგად ინფორმირებულია 1,9 %-ია, ხოლო მეტ–ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს 13.6%.

იხილეთ კვლევა სრულად: 

თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება

თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება – პრეზენტაცია

თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება – პრეზენტაცია – ინგლისური ვერსია

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მიზანი  იყო ქ. თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება, რაც დაეხმარება საჭიროებების შესაბამისი ბიუჯეტის ფორმირებას, ხოლო ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე მიმართული აქტივობების განხორციელებას.

კვლევის ამოცანებს შეადგენდა:

  • თბილისის მოსახლეობის საჭიროებების ძირითადი მახასიათებლებისა და ინდიკატორების გამოვლენა თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით;
  • კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) შემუშავება, რომელიც გაზომავს და შეაფასებს თბილისის მოსახლეობის საჭიროებებს;
  • სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებული საჭიროებების იდენტიფიკაცია თბილისის მოსახლეობის მასშტაბით, მასობრივი გამოკითხვის გზით;
  • კონსოლიდირებული ანალიტიკური ანგარიშის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თბილისის მოსახლეობის საჭიროებები და მათი რანჟირება სამივე – ერთიანი თბილისის, ცალკეული რაიონებისა და რაიონების შიდა უბნების – დონეზე;

კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გამოვიყენეთ სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი   მეთოდები.  თუმცა, თვისებრივ მეთოდებს (კერძოდ, ფოკუს ჯგუფებს) ჰქონდა რაოდენობრივი კვლევის დამხმარე ფუნქცია – იმ ცვლადებისა და ინდიკატორების შესამუშავებლად, რომლებიც საფუძვლად დაედო კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) დიზაინს.

 კვლევის მეთოდი: სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ (face to face) ინტერვიუს  გამოყენებით.

 კვლევის ობიექტი: სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ქ. თბილისის 10 რაიონის საარჩევნო ასაკის  (18 წლის და ზემოთ) მოსახლეობაში.

 შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა მთლიანობაში შეადგენს 3000 რესპონდენტს.

 შერჩევა: გამოკვლევისათვის გამოვიყენეთ მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციის გამოყენებით.

შერჩევის ბაზას (შესაბამისად, შერჩევის ჩარჩოს) წარმოადგენს საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა სია (ცესკოს უახლესი მონაცემები). გამოსაკვლევი ერთობლიობა დაიყოფა 10 რაიონად, რომლებიც ემთხვევა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ სტრუქტურას.

შერჩევის ფორმირების პირველ ეტაპზე შერჩევის მთელი მოცულობა გადანაწილდა თბილისის რაიონებზე მათში ამომრჩევლების რაოდენობიდან კვადრატული ფესვის პროპორციულად. თბილისის ყოველი რაიონი დაიყო სტრატებად (ტერიტორიულ და დემოგრაფიულ ერთეულებად, ანუ საარჩევნო უბნებად). რაიონისთვის გამოყოფილი კვოტები გადანაწილდა სტრატებში (საარჩევნო უბნებში) მათში ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულად. რაიონებში განისაზღვრა შერჩევის წერტილთა რაოდენობა იმ გაანგარიშებით, რომ ყოველ შერჩევის წერტილში ჩატარებულიყო საშუალოდ 8 ინტერვიუ. შერჩევის წერტილს წარმოადგენს საარჩევნო უბანი. თბილისის ყოველ რაიონში, საარჩევნო უბნების სიიდან, ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, PPS მეთოდის გამოყენებით, შემთხვევით შეირჩა პირველადი შერჩევის წერტილები. შერჩევის წერტილებში ოჯახის შერჩევა განხორციელდა ე.წ. “შემთხვევითი ხეტიალის” მეთოდით. ოჯახებს შორის ინტერვალი (ბიჯი) განსხვავებულად განისაზღვრა კორპუსებისათვის (ყოველი მე-9 ან მე–11 ოჯახი, ამასთან, ერთ კორპუსში არ გამოიკითხება სამზე მეტი რესპონდენტი) და კერძო დასახლებებისათვის (ყოველი მე-5 ოჯახი). იმ შემთხვევაში, თუ, რაიმე მიზეზით, შეუძლებელი იყო ოჯახთან და რესპონდენტთან კავშირის დამყარება, ინტერვიუერს  ეკრძალებოდა უახლოეს მომდევნო ოჯახთან დაკავშირება და გადაადგილდებოდა ბიჯის დაცვით. ამან უზრუნველყო შინამეურნეობების გაფანტულობა და საკვლევი რაიონების მაქსიმალურi მოცვა. დამატებით, ინტერვიუერებს მიეწოდათ შერჩევის გეოგრაფიული წერტილები და გადაადგილების სივრცითი არეალი (ქუჩებისა და უბნების მიხედვით), რამაც გამორიცხა ერთსა და იმავე წერტილში განმეორებითი ვიზიტების შესაძლებლობა.

რაც შეეხება ოჯახებში რესპონდენტთა ამორჩევის წესს, შემთხვევითობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, გამოვიყენეთ ე.წ. კიშის ცხრილი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა შორის ამ პრინციპით შერჩეულ პიროვნებასთან რაიმე მიზეზით შეუძლებელი იყო ინტერვიუს ჩატარება,  მისი ჩანაცვლება არ მომხდარა ოჯახის სხვა წევრით, არამედ ინტერვიუერი გადაადგილდებოდა  (ინტერვალის დაცვით) სხვა ოჯახში.

ზემოთქმულის საფუძველზე განისაზღვრა შერჩევის პირველადი, მეორადი და საბოლოო შერჩევის ერთეულები (PSU, SSU და FSU):

  • პირველადი შერჩევის ერთეული (SSU): საარჩევნო უბანი.
  • მეორადი შერჩევის ერთეული (SSU): შინამეურნეობა (ოჯახი).
  • საბოლოო შერჩევის ერთეული (FSU): თვრამეტი და უფროსი ასაკის მოქალაქე.

გამოკვლევაში მიღებული შეფასებების ცდომილებები (95%-იანი საიმედოობისათვის) თბილისის მთელი შერჩევისთვის არ  აღემატება 1.8%-ს, ხოლო თბილისის ცალკეული რაიონების  ქვეშერჩევისთვის მერყეობს 5.0%– 6.7%–ს შორის (იხ. ცხრილი #1):

 ცხრილი #1

რაიონი ინტერვიუ ცდომილება 95%-იანი სანდოობით
მთაწმინდის 210 6.7%
ვაკის 300 5.6%
საბურთალოს 335 5.3%
კრწანისი 210 6.7%
ისნის 330 5.4%
სამგორის 380 5.0%
ჩუღურეთის 235 6.4%
დიდუბის 265 6.0%
ნაძალადევის 360 5.2%
გლდანის 375 5.1%
თბილისი 3000 1.8%

 საველე სამუშაოები: საველე სამუშაოები განხორციელდა 5 სუპერვაიზორის და 65–მდე ინტერვიუერის მიერ. მონაცემების მოპოვება ველზე მოხდა ტაბებით, ანუ ელექტრონული საშუალებებით. ამდენად,  კითხვარი ინტეგრირდა ე.წ. ODK სისტემაში.

მონაცემთა  მოწესრიგება და  ანალიზი:

საველე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სტატისტიკოსმა  შექმნა  მონაცემთა ბადე, მონაცემთა ანალიზის  პროგრამის – SPSS-ის  გამოყენებით. რამდენადაც კითხვარის ინტეგრირება მოხდა ODK სისტემაში, ველის ჩტარება ავტომატურად ნიშნავს მონაცემების ელექტრონიზაციას. თუმცა, განხორციელდა ელექტრონული მონაცემების შემდგომი მომზადება ანალიზისთვის. ეს მოიცავდა კითხვარში არსებული თითოეული ღია  შეკითხვის  პასუხების კოდირებას (ფორმალიზაციას), შემდეგ – მონაცემთა ე.წ. „გაწმენდას“ და შეწონვას.

კვლევის მონაცემები გაანალიზდა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით: ერთგანზომილებიანი სიხშირული განაწილების,  კროსტაბულაციების,  კორელაციის, რეგრესიის და სხვა მეთოდების მეშვეობით. შესაბამისად, გმოვიყენეთ მონაცემთა ანალიზის როგორც უნივარიაციული, ისე ბივარიაციული და მულტივარიაციული მეთოდები.

კვლევის შედეგები  მომზადებულია დესკრიპტული, ნორმატულ და მიზეზ-შედეგობრივ ჭრილებში:

  • დესკრიპტული შედეგები მიღებულ იქნა ისეთი სტატისტიკური ტექნიკის გამოყენებით, როგორებიცაა სიხშირეების განაწილება, კროსტაბულაცია, ცენტრალური ტენდენციების საზომები (მოდა, მედიანა, საშუალო) და დისპერსიის საზომი. დესკრიპტული ტექნიკა არ განსაზღვრავს მიზეზ-შედეგობრივ მიმართებებს.
  • ნორმატული შედეგები მიღებულ იქნა ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორებიცაა Chi-square, t-tests და ვარიაციული ანალიზი. ნორმატიული სტატისტიკა არ აჩვენებს მიზეზ-შედეგობრივ მიმართებებს. იგი ადარებს ერთმანეთს ორ ან მეტ პოპულაციას და განსაზღვრავს რომელი მათგანია განსხვავებული და რამდენად ძლიერია ეს განსხვავება. ამგვარი სტატისტიკა შედარებითი ანალიზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
  • მიზეზ-შედეგობრივი შედეგები მიღებულ იქნა ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა კორელაცია, რეგრესიული ანალიზი და Chi-square. ამგვარი სტატისტიკა ახდენს სხვადასხვა ცვლადებს შორის მიმართებების გაზომვას და მიზეზისა და შედეგის დასადგენად გამოიყენება.

მსგავსი სიახლეები