ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოში არ შეუშვეს

713

თბილისის საკრებულოსთან მყოფ „ევროპული საქართველოსა“ და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს შენობაში შესვლისა და  სხდომაზე დასწრების საშუალება პოლიციამ არ მისცა.

თბილისის საკრებულოს თაბმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკრებულოსთან აქცია პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.  საკრებულოს შენობის ძირითად შესასვლელთან მყოფ სერგო რატიანს საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმართეს გადასულიყო რკინის ჯებირის მეორე მხარეს, რასაც შეკამათება მოყვა. რატიანი ითხოვდა განემარტათ, რატომ ეკრძალებოდა პარლამენტის დეპუტატს საკრებულოს შესასვლელთან ყოფნა.

საკრებულოში შესვლას ითხოვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავაც. თუმცა პოლიცია დეპუტატს ამის უფლება არ მისცა.

“არ გრცხვენიათ? კონსტიტუციას არღვევთ. დეპუტატს დაუბრკოლებელი შესვლის უფლება აქვს”,- მიმართა ბოკუჩავამ პოლიციას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო დღეს „თაბორი რიზორთსისა“ და „თბილისი სითისთვის“ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხს განიხილავს, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.