ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება

471

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი, ასევე, მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.
ცესკოს ცნობით, 2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმება, ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციის გარდა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ.
„ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით საკუთარი მონაცემების გადამოწმება უსინათლო ამომრჩევლებსაც შეუძლიათ. მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა წელს ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც – ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეუძლიათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზეა გამოკრული. ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი“, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

წყარო: მედია ცენტრი კახეთი