პრემიერი: შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს

824

დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიაში მონაწილოებას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი – თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით. მოგეხსენებათ, ოკუპაციის შემდეგ ალბათ რიგით მეორე გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევაც ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.