გაერო-ს განვითარების პროგრამა სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხმარება, 620 შინამეურნეობა დახმარებას მიიღებს

969

გაეროს განვითარების პროგრამა სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხმარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, 620 შინამეურნეობა დახმარებას მიიღებს,- ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, დახმარება უკვე გავრცელდა იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სადაც ამ ხელშეწყობით 480-მა შინამეურნეობამ ისარგებლა. მომავალი კვირების მანძილზე დახმარებას კიდევ 140 ოჯახი მიიღებს.

“საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. უმეტესწილად, ეს არაკომერციული საარსებო მეურნეობაა, რაც უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც საქართველოს განვითარების ერთ-ერთი დაბრკოლება. თუმცა, პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახისთვის სწორედ მიწათმოქმედება წარმოადგენს კრიზისის დაძლევის სტრატეგიას და საარსებო მინიმუმის მოპოვების გზას. გაჭირვებული და დაუცველი ოჯახების დასახმარებლად, გაეროს განვითარება პროგრამა საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციას დაუკავშირდა და მასთან თანამშრომლობით საქართველოს შვიდ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო დახმარების გავრცელება დაიწყო. UNDP-ის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს არავინ დარჩეს ყურადღებისა და მხარდაჭერის გარეშე. დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველი ოჯახები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. ჯამში, UNDP-ის ხელშეწყობით, რომლის საერთო ღირებულება 90,000 აშშ დოლარს შეადგენს, 620 ოჯახი ისარგებლებს. 15-16 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი კახეთსა და ქვემო ქართლში გაემგზავრა და ცამეტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მასალები და მცენარეთა დაცვის საშუალებები გადასცა.

ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ლუიზა ვინტონი შეხვდა ქალებს, რომლებიც ოჯახებზე მარტო ზრუნავენ და პანდემიის გამოწვევებს უმკლავდებიან. მათ შორისაა ბებია, რომელიც რვა შვილიშვილს პატრონობს, მრავალშვილიანი დედები, ქვრივები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მრავალშვილიანი დედა, ცერემბრალური დამბლით დაავადებული მოზარდი და მისი ოჯახი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვინტონმა დახმარება გადასცა სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებს, რომლებიც აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში სვანეთში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ გადმოსახლდნენ. ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში UNDP-ის მხარდაჭერა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს.

„სოფლის მეურნეობა პანდემიის შედეგად არ დაზარალებულა, მაგრამ ჩვენი საუბრები ადასტურებს, რომ ბევრმა სოფლად მცხოვრებმა ოჯახმა COVID-19-ის შედეგად სასიცოცხლო მნიშვნელობის შემოსავლის წყარო დაკარგა. განსაკუთრებით მწვავედ ეს იმ შინამეურნეობებზე აისახა, რომელთაც ქალები უძღვებიან. ჩვენი დახმარების შედეგად, ასეთი ოჯახები მეურნეობის გაფართოებასა და გაუმჯობესებას შეძლებენ და მეტ შემოსავალს მიიღებენ,“ – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

სხვა მასალებთან ერთად, UNDP-ის მიერ გავრცელებულ დახმარებაში შედის სასუქი და შხამ-ქიმიკატები, კერძოდ, ფაროსანასგან დამცავი საშუალებები, რომელიც უკვე სამი წელია ანადგურებს მოსავალს საქართველოს სოფლებში. დახმარება უკვე გავრცელდა იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სადაც ამ ხელშეწყობით 480-მა შინამეურნეობამ ისარგებლა. მომავალი კვირების მანძილზე დახმარებას კიდევ 140 ოჯახი მიიღებს.

UNDP-ის ხელშეწყობა პანდემიაზე უფრო ფართო რეაგირების ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები (UNDP, UNICEF, UNFPA) გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით ახორციელებენ. მისი მიზანია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შოკისგან. სოფლად მცხოვრებ ოჯახებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა ასევე ხანდაზმულებსა და მიუსაფარ მოსახლეობას ეხმარება. ამ საქმიანობის მართვა კი ხორციელდება დანიის და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ადგილობრივ განვითარებასა და გენდერულ თანასწორობას ემსახურება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.