ფინანსთა მინისტრი: კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული

414

კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული, რომელიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს და მალევე დაიწყება კომპენსაციების გაცემა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„კომპენსაციის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაწებულია და ამ ეტაპისთვის, 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული შემოსავლების სამსახურში, რომელიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს და მალევე დაიწყება კომპენსაციების გაცემა. მინდა შევახსენო მეწარმეებს, ბოლო პერიოდში გამოცხადებული შეზღუდვები ვისაც შეეხო, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რომლის მიხედვით ჩვენ მოვახდენთ კომპენსაციების გაცემას. მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის აბსოლუტურად გამართული და მოვუწოდებ ყველას, რომ დროულად, ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურისთვის”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.