UNDP, პარტნიორებთან ერთად, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად 700,000 აშშ დოლარს გამოყოფს

629
პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივები განხორციელდება

“პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც  დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობები მკვეთრად მცირდება, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობის გასამყარებლად. კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ოთხ რეგიონში დაეხმარება”, – ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

აღნიშნული მხარდაჭერა, რომელიც 700,000 აშშ დოლარს აჭარბებს, რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გუშინ გამართული ვიზიტის დროს, UNDP-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვემო ქართლში განხორციელებულ პროექტებს  გაეცნენ.

“საქართველოს რეგიონები პანდემიის შემდგომი ტალღისთვის ემზადებიან. ამ ვითარებაში, ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების განხორციელება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ადამიანებმა კრიზისის დაძლევა შეძლონ“, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. “ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის მდგრადობის გაზრდას.“

“საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს ამყარებს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. „მსგავსი ინიციატივების წყალობით იზრდება რეგიონების როგორც ეკონომიკური პოტენციალი, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონე.“

ბოლნისში ყოფნისას ლუიზა ვინტონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, მუნიციპალიტეტი გამოჩენილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში ტურისტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს. UNDP-ის დახმარება ამ პროექტის მიმართ 60,000 აშშ დოლარს შეადგენს.

ვიზიტი გაგრძელდა მარნეულში, სადაც ლუიზა ვინტონი და მზია გიორგობიანი ოცდაექვს ქალ მეწარმეს შეხვდნენ და UNDP-ის მხარდაჭერით შექმნილი ქალ მეწარმეთა ქსელის საქმიანობას გაეცნენ. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა 18 ადგილობრივ მეწარმესთან, რომელთაც UNDP ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა.

ამ დრომდე, UNDP-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის ხელშეწყობით საქართველოს ათმა მუნიციპალიტეტმა ისარგებლა. მიღებული დახმარება, რომელიც ჯამში 320,000 აშშ დოლარს შეადგენს, განკუთვნილია ადგილობრივი მეწარმეობის, ტრადიციული რეწვის, ფერმერობისა და ტურიზმის მხარდასაჭერად. დახმარების გაცემა განხორციელდა მუნიციპალიტეტების პირდაპირი დაფინანსების გზით, რომელიც UNDP-მ შარშან შემოიღო. ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებაში, ასევე, ჩაერთო შვიდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც ჯამში 390,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს, რის შედეგადაც დახმარების საერთო თანხა 700,000 აშშ დოლარს გასცდა.

“შვეიცარია საქართველოს უცვლელი პარტნიორია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სფეროში“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ. “ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიზნესთან, ადგილობრივ თემებსა და არასამთავრობო სექტორთან, რათა მდგრად და საყოველთაო განვითარებას შევუწყოთ ხელი“.

“ადგილობრივი ინიციატივები მოსახლეობის მისწრაფებებს ასახავს და ამ მხრივ, გადამწყვეტია მდგრადი განვითარების წარმატებისთვის“, – განაცხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა. “მოხარულები ვართ, რომ ავსტრიის  გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხელს ვუწყობთ საქართველოში მდგრად ადგილობრივ განვითარებას.  ასევე გვეამაყება და მადლობლები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში და კონკრეტული ზომების გატარებაში, რომლებიც საქართველოს რეგიონების შთამბეჭდავი პოტენციალის ათვისებას წაადგება“.

ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში ხორციელდება – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სავანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი, ხოლო მისი შედეგებით ადილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესები და სათემო გაერთიანებები სარგებლობენ.