დეპუტატებს, გენადი მარგველაშვილსა და ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდათ

650

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგვლაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

„პასუხი მომივიდა პარასკევს, ანუ ხუთაშაბათს საღამოდან ინფიცირებული ვარ. კონტაქტები მივაწოდე უკვე, შესაბამისად, გადაამოწმებენ ყველას. ვმკურნალობ სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, ვარ სრულ იზოლაციაში. თავიდან მაღალი სიცხე და თავის ტკივილები მქონდა, ახლა 37,3 – მდე მაქვს ტემპერატურა. ჩემს ბიჭსაც დაუდასტურდა ვირუსი ჩემთან ერთად. ის უკეთესად არის, ისიც სახლში გადის მკურნალობას. სკოლაში სწავლობს, თუმცა დისტანციურ რეჟიმზე იყო,“- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ასევე, დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ნინო წილოსანს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა… ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.