კობახიძე: ძალიან კარგად ვითვლით საკუთარ შეკრებებსაც და სხვის შეკრებებსაც, ჭიპი გვაქვს ამ საკითხებში მოჭრილი

192

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის აქციას დივერსიულ აქტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იქ 1 500 ადამიანი იყო მისული.

“ჩვენ ძალიან კარგად ვითვლით საკუთარ შეკრებებსაც და სხვის შეკრებებსაც, ჭიპი გვაქვს ამ საკითხებში მოჭრილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

კობახიძის თქმით, მისი პარტია 30-ათასიანი აქციის მოწყობის ცდუნებას უძლებს.

“როცა ჩვენ გვაქვს ის ცდუნება, რომ 30 ათასი კაცი შევკრიბოთ და ამას არ ვაკეთებთ და ისინი 1 500-კაციანს ვერ უძლებენ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო მოქმედება, ეს იყო დივერსიული აქტი, რომელსაც მიზანი ჰქონდა, ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის,”- განაცხადა კობახიძე.

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ძალა ერთობაშიასთან” ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.

“ნაციონალური მოძრაობის” ამ აქციას “ქართული ოცნების” ლიდერები მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურნენ და ოპოზიცია ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.

წინასაარჩევნო პერიოდში ხალხმრავალ შეხვედრებსა და ღონისძიებებს “ქართული ოცნებაც” მართავდა. ოპონენტების პასუხად ისინი აცხადებდნენ, რომ იცავენ რეკომენდაციებს და დისტანციას.