ლევან კობერიძე: დღეს ხელისუფლებას აწყობს მოსახლეობის პანიკასა და შიშში ყოფნა, რადგან ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე და ნაკლები დამკვირვებელი ჩამოვა

544

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველომ მხოლოდ „შეკეტვის ფაზა“ გაიარა და ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის ფაზაზე არასდროს გადასულა. როგორც კობერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ლელომ“ შეიმუშავა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც „ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლზე აყვანისთვის აუცილებელ ნაბიჯებს“ ითვალისწინებს.

ამასთან, კობერიძის თქმით, „ლელოს“ რეკომენდაციებში გაწერილია ეპიდვითარებიდან გამომდინარე როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები.

„ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ფონს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ამ პოლიტიკურ ინტერესს არის დაქვემდებარებული პრაქტიკულად მთელი ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით და გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანად მთავრობის მხრიდან ამ კონიუნქტურას არის დაქვემდებარებული, რაც არ შეიძლება არ აისახოს ეპიდემიის არასწორ მართვაზე და იმ შედეგებზე, რომელსაც ვიღებთ ყოველ დღე. კარგი შედეგი, რომელიც დადგა საზოგადოების ძალიან კეთილგონიერი ქმედების შედეგად, თავიდანვე ხელისუფლებამ დაიბრალა და დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარებას გამწვავებას აბრალებს ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც განცალკევებულია ხალხისგან და რაიმე ნეგატიურ შედეგს, რომელიც დგება, თავის პასუხისმგებლობად არ განიხილავს. არადა, რეალურად სიტუაცია იყო შემდეგი: ჩვენ გავიარეთ მხოლოდ შეკეტვის ფაზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ გადასულა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის ფაზაზე, რომელსაც უნდა ესწავლებინა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, კორონავირუსთან თანაცხოვრება და არა მხოლოდ შეკეტვა, რადგან კიდევ ერთ შეკეტვას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ეს არის უდიდესი პრობლემა. არ არის მომზადებული არც ჰოსპიტალური, არც პირველადი ჯანდაცვის სექტორი ასეთი მზარდი რაოდენობისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო ჯიუტად უარყოფს, რომ არ არიან გადამზადებული ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები. არ არის სათანადო სამუშაოები ჩატარებული განათლების სისტემაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დაპირებებმა, რომ საქართველო ყველაზე „მწვანე“ ქვეყანაა და საუკეთესოდ ვმართეთ ეპიდემია – ამ გამარჯვების პოლიტიკურმა ყიჟინამ სადამდე მიგვიყვანა. მოსახლეობა კი არ მოდუნდა, ეს პოლიტიკური რიტორიკა ითვალისწინებდა იმას, რომ თავი გამარჯვებულად წარმოედგინა. დღეს ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ კონიუნქტურას უქვემდებარებს თავის ქმედებებს და მეორე მხრივ, დიდი პრობლემა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კომპეტენტური ნაბიჯების გადადგმაში“,- განაცხადა კობერიძემ.

მან ხელისუფლებას მოუწოდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები და „პანიკა და შიში“ არ დათესოს. „დღეს ხელისუფლებას აწყობს მოსახლეობის პანიკასა და შიშში ყოფნა, რადგან ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე და ნაკლები დამკვირვებელი ჩამოვა, ეს კი პოლიტიკურად მხოლოდ მათ აწყობთ“,- აცხადებს კობერიძე.