ელენე ხოშტარია: პრობლემა ირმა ინაშვილი არ არის, პრობლემაა ის, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე

890

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა ირმა ინაშვილი არ არის, ირმა ინაშვილი ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარია სახელმწიფო უწყებებს საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და რუსეთის კავშირები ცალსახაა.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, კრემლის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით გამოქვეყნდა გუშინ საღამოს. „დოსიეს“ ანგარიშის ამ მეორე ნაწილში მოყვანილია კონკრეტული მიმოწერა, მსჯელობა „პატრიოტთა ალიანსის“ კამპანიის ბევრ ასპექტზე, როგორებიცაა მათი სლოგანები, ბანერები, მესიჯები, რაზეც მათ უნდა ისაუბრონ. დღეს, გარდა ამ ფაქტებისა, კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება იმ დამთხვევებზე, რომელიც მიცემულ ინსტრუქციებსა და ჩვენი ყურით მოსმენილ რეალობას შორის არის.

მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი“ წავიდნენ აფხაზეთში და ამან გამოიწვია საზოგადოებრივი რეაქცია, ირმა ინაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა უპასუხოს ამ ბრალდებებს. ამ ინსტრუქციაში მოყვანილია ფრაზები იმის შესახებ, რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო, დავალებული აქვთ თქვან, რომ ისინი ჩავიდნენ ახლობლებთან და ემსახურებოდა ფერისცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ზუსტად 26 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ირმა ინაშვილმა მიიღო ეს ინსტრუქცია, ჩვენ მის ბრიფინგში ვკითხულობთ ზუსტად ანალოგიურ ფრაზებს. დამთხვევა არის ძალიან ცალსახა, იდენტურია ინსტრუქციები და ინაშვილის სიტყვები.

ამავდროულად, ამ ინსტრუქციებში, საუბარია ნეიტრალიტეტის ხაზგასმის და ხშირად ხსენების აუცილებლობაზე, რომელ ინსტრუქციასაც ირმა ინაშვილი ასრულებს 26 აგვისტოს და საუბრობს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე.

აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილი, ირმა ინაშვილები ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება, დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი, ჩვენ გვესმის ვოლსკისგან საუბარი, რომ თითქოს, ეს რაღაც ფურცლებია და მათ გამო რეაგირება არასერიოზულია, ასევე მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მათ არ აქვთ მანდატი გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების ეს საკითხი.

ამრიგად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუს-მა და პროკურატურამ უცხო, მტრული ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი, ეს შეიძლება იყოს მტრული სახელმწიფოსთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა.

ჩვენი, ყველას ამოცანა არის მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი. რუსეთის ამოცანა არის ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში სახელმწიფოს ვალია, მათ შეუშალონ ხელი. სხვა შემთვევაში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.