დავით ნარმანია: სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება

603

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს. ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა არ იგეგმება“, – აცხადებს დავთ ნარმანია.

მისი თქმით, არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. „ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი“, – აღნიშნა ნარმანიამ.

გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი, 57 თეთრი.

დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ (სემეკ) წლიური ანგარიში წარადგინა.