საქართველოში 4 000 მედიკოსი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები ახალი სასწავლო სისტემის მეშვეობით გადამზადდებიან.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულმა სამედიცინო პერსონალმა გადამზადების ბევრი ეტაპი გაიარა, სწორედ სამედიცინო პერონალში 13%-დან 15-მდე მაინც დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის შემთხვევა. ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, მუდმივი სწავლა აუცილებელია, რის საშუალებასაც შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული გრანტი იძლევა. მისი თქმით, ამის განმახორციელებელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იქნება.
„მედიცინაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომ, თუ სამედიცინო მუშაკი მუდმივად არ სწავლობს და არ გადის ე.წ. პროფესიულ უწყვეტ დახელოვნებას, ისე მისი მომზადების ხარისხი თანდათან ქვევით იწევს. ამიტომ, უნდა მივეჩვიოთ, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული მზადების სისტემა სამედიცინო პრაქტიკაში უნდა იყოს სავალდებულო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით სიტუაცია შედარებით მშვიდია COVID19-თან დაკავშირებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და სერიოზულად უნდა მოემზადოს ჯანდაცვის სექტორი. თუ მეორე ტალღა იქნება თითოეული სექტორიც გეგმას ამზადებს, მათ შორის, ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სექტორი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენთან ამ პროგრამაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, თუ როგორი უნდა გვქონდეს მზადყოფნის რეჟიმი და ეს უნდა იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე გვქონდა იანვარში ან თებერვალში. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის უკეთესი მომზადება და განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) განმარტებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაზე წარმატებული რეაგირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველო ზომებს ატარებს, პანდემიის შესაძლო მეორე ტალღას სამედიცინო პერსონალი მომზადებული შეხვდეს. მათივე ცნობით, ამის საფუძველზე INDP და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ საქართველოს ჯანდაცვის სამინტსტროს მედიკოსების გადამზადების პროცესში.
გადამზადებას გაივლის 4 000 მედიკოსი, აქედან კი 3 000 COVID19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1000 მულტიინფექციური სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი.
აღნიშნული ინიციატივა 150 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.