გვანცელაძე: ბაღებში რეგისტრაციის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, თავისუფალი ადგილების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა დარჩენილი

499

თბილისის საბავშვო ბაღებში, რეგისტრაციის დაწყების შემდეგ 4386 ვაკანტური ადგილია, რაც, წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 12 ივნისის შემდეგ მიმდინარეობს და 3 044 აღსაზრდელი დარეგისტრირდა პირველ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ კონკრეტული კატეგორიების ბენეფიციარები რეგისტრირდებიან. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, 19 ივნისი და დღემდე კი ბაღებში ჩაირიცხა 7 508 აღსაზრდელი.

„ბაღებში რეგისტრაცია გრძელდება. 23 ივნისის მდგომარეობით, დარჩენილია 4 386 თავისუფალი ადგილი, სადაც მშობლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ელექტრონულად რეგისტრაციის გავლა. ამისთვის ჩვენი ვებგვერდის საშუალებით მათ უნდა მოძებნონ არსებული ვაკანტური ადგილები მათთვის მოსახერხებელ ბაღებში. რა თქმა უნდა, არის რაიონები, სადაც ბაღებზე მოთხოვნა მაღალია, ბაღების რაოდენობა კი მცირე, შესაბამისად, ასეთ ბაღებში ადგილები შევსებულია, თუმცა პროცესი მუდმივია, ხდება როგორც ჩარიცხვა, ისე გარიცხვა და ადგილების გამოთავისუფლება, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსურველებისთვის,“ – აცხადებს თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე.

გვანცელაძის თქმით, მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი გზა ახალი ბაღების მშენებლობაა.

მისივე ინფორმაციით, შემოდგომაზე თბილისში ოთხი ახალი ბაღის გახსნა იგეგმება, ამ ბაღების ვაკანსიები კი სარეგისტრაციო ფორმაში უკვე ჩანს, რაც შედეგზე აისახა.

კერძოდ, ახალი ბაღები იხსნება გლდანის მერვე მიკრორაიონსა და ჭიაურელის ქუჩაზე დიდუბეში, ასევე გლდანის მეექვსე მიკრორაიონსა და ვარკეთილის ზემო პლატოზე. შესაბამისად, შემოდგომაზე დედაქალაქში სულ 185 ბაღი იქნება.

კიდევ ოთხი ბაღის გახსნაა სააგენტოს გეგმებში მომავალ წელს, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გაზრდის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას.