მერია: მალე სენაკის მუნიციპალიტეტი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება

830

მალე სენაკის მუნიციპალიტეტი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება, – აცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი – ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) – ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სენაკის მერიის ინფორმაციით, დღეს სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტებთან – ბადრი ქუთელიასთან და მარინე კვარჭაიასთან ერთად, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლებს – თინათინ ტყეშელაშვილს, ოთარ კონჯარიასა და გვანცა ირემაშვილს შეხვდა.

“შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის – ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ – განხორციელების ეტაპები, რაც ითვალისწინებს ნოქალაქევში, მდ. ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას.

ამ ეტაპზე, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ყოფილი პიონერთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ მოწყობილია. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ივლისის თვეში დასრულდება”, – განმარტავენ მერიაში.