COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფი დანერგვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ონლაინ ტრენინგკურსი 500-მდე სასტუმროსა და 400-მდე კვების ობიექტის წარმომადგენელმა გაიარა.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცის ცნობით, ტრენინგი კომპანია KMS Georgia-ს ჩართულობით განხორციელდა. პროექტის პირველი ეტაპი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ონლაინ სასწავლო კურსებს მოიცავდა, სადაც ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ დასწრებოდა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურსი შემდეგ ძირითად თემას მოიცავდა: პრევენციული ღონისძიებები/ სოციალური დისტანცია; უსაფრთხოების დაცვის საშუალებები; სტუმრის მიღებისა და მომსახურების წესები; კვებისა და სასმელების ბლოკის ოპერირება; სპორტულ-გასართობი სივრცეების მართვა; დასუფთავება/დალაგების წესები და სხვა. უახლოეს მომავალში იგეგმება პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება. სასწავლო კურსი საქართველოს მასშტაბით ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება.
„ტურიზმის სექტორში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ გასატარებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სატრენინგო პროექტი შეიმუშავა, რომელიც ივნისიდან დავიწყეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა კერძო სექტორის უფრო მეტი წარმომადგენელი გადავამზადოთ. ჩვენთვის მნშვნელოვანია სექტორში დასაქმებულების თუ სტუმრების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ამ ფონზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ისე, რომ უფრო მეტი ადამიანის გადამზადება მოხდეს, რათა COVID-19-დან გამომდინარე დაწესებული რეგულაციების დანერგვაში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, ამ წესებთან მიმართებაში ბიზნესი სწრაფად ადაპტირდეს და ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკმაოდ მრავალფეროვანი სატრენინგო პროექტები შეიმუშავა და პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელს საშუალებას ვაძლევთ დაესწროს სასწავლო კურსებს, შედეგად კერძო სექტორი სწრაფად დანერგავს იმ სავალდებულო აღსასრულებელ რეგულაციებს, რაც შემოწმებას, შემდგომ ნებართვის გაცემას, ტურისტის მიღებასა და მასპინძლობას გულისხმობს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.