პანდემიით გამოწვეული შემოსავლების დანაკლისი ჯამში მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე დიდი დანაკლისი საგადასახადო შემოსავლებშია.
„რაც შეეხება ეკონომიკის გავლენას ბიუჯეტზე, პანდემიით გამოწვეული შემოსავლების დანაკლისი ჯამში მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს. ყველაზე დიდი დანაკლისი რა თქმა უნდა, საგადასახადო შემოსავლებშია – მილიარდ 545 მილიონი ლარი გვაკლდება. ეს იმ პირობებში, როდესაც ამაში არ შედის ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით არის გათვალისწინებული. მილიარდ 800-იანი დანაკლისის დაბალანსება იმასთან ერთად, რომ საბოლოოდ, 3,4 მილიარდის პაკეტი არის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილში განსაზღვრული, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან შეთანხმებული ვიყავით დეფიციტის კონკრეტულ მაჩვენებელებზე. 2020 წლისთვის ეს არის 8,5% თავდაპირველად განსაზღვრული 2,5%-ის ნაცვლად. ამ პარამეტრების მიღწევისთვის აუცილებელი იყო ხარჯვითი ნაწილის შემცირება. საბოლოოდ, ნაერთ ბიუჯეტში ხარჯების შემცირებამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, მათ შორის 301 მილიონ ლარზე ცოტა მეტია მიმდინარე ხარჯების ნაწილში, ხოლო 298 მილიონი ლარია კაპიტალური ხარჯების ნაწილში, რაც შემცირდა. თუმცა, ამავდროულად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ოდენობით იზრდება. ეს ზრდა უკავშირდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნეს სექტორის მხარდაჭერას“,- განაცხადა კაკაურიძემ.