15 ივნისს, „ახალციხის ციხე“ მუშაობას დილის 09:00 საათიდან განაახლებს, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ გარკვეული პერიოდი ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც, „ახალციხის ციხის“ დირექტორი დავით ტაბატაძე ამბობს, მათ უკვე აქვთ რეკომენდაციები რომლითაც იხელმძღვანელებენ. მისივე თქმით გაიხსნება თუ არა ციხის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი ჯერჯერობით უცნობია.
„როგორც ყველას ჩვენც გვაქვს რეკომენდაციები შემოსასვლელში კარიბჭესთან ჩატარდება თერმოსკრინინგი ყველა დამთვალიერებელზე, იქნება დეზობარიერები, რაც შეეხება პირბადეს ღია სივრცეში პირბადის ტარებას არავის მოვთხოვთ, თუ დახურულ სივრცეში მოუწევთ შესვლა ამ შემთხვევაში გაიკეთებენ. რაც შეეხება მუზეუმს ჯერ არ ვიცით გაიხსნება თუ არა 15 ივნისიდან“,– ამბობს დავით ტაბატაძე.
ტაბატაძის განმარტებით ციხეზე შესვლა დამთვალიერებლებისთვის უფასო იქნება, ხოლო გიდების მომსახურების საფასური იგივე რჩება.
„რაღაც გარკვეული პერიოდი ციხის ტერიტორიაზე ყველა დამთვალიერებლისთვის შესვლა უფასო იქნება. მუნიციპალიტეტში არის ბევრი სასტუმროები, კვების ობიექტები, რომ შემოვა დამთვალირებელი ჩვენი რეგიონით, რომ დაინტერესდეს ასე გადავწყვიტეთ. ამ სეზონზე შევხედავ და მერე დავილაპარაკებთ. რაც შეეხება გიდების მომსახურებას კვლავ ფასინი რჩება, რაც ღირებულებაც აქამდე იყო ისევ ისე იქნება“,– განაცხადა „ახალციხის ციხის“ დირექტორმა.
ექსკურსიამძღოლის მომსახურების საფასური „ახალციხის ციხეზე“
– ექსკურსიამძღოლის მომსახურება მშობლიურ ენაზე;
– ხუთი ვიზიტორის ჩათვლით – 10 (ათი) ლარი;
– ხუთი ვიზიტორზე მეტი – 20 (ოცი) ლარი;
– უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით – 20 (ოცი) ლარი;
– ხოლო ხუთი ვიზიტორის ზევით -30 ლარი;
ციხეზე უკვე ჩატარდა საგაზაფხულო სამუშაოები, ამ დროსთვის ციხეს 86–მდე თანამშრომელი ჰყავს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალციხის ციხე მიმდინარე წლის 17 მარტს დაიკეტა.