ვანის ქვაბებში ჰიდროგეოლოგიური კვლევა გაგრძელდება

760

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, „ვანის ქვაბების“ ისტორიულ კომპლექსზე ჰიდროგეოლოგიური კვლევები წელსაც გაგრძელდება. პარალელურად, უნდა დაიწყოს საკონსერვაციო სამუშაოები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ამ ეტაპზე, „ვანის ქვაბები“, ისევე როგორც სხვა მუზეუმ-ნაკრძალები, ვიზიტორებისთვის დაკეტილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით, აქ კვლევებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი აწარმოებს.

„ვანის ქვაბებზე წელსაც გრძელდება კვლევის ნაწილი, რომელზეც ილიას უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობენ, ეს მოიცავს ჰიდროგეოლოგიურ შესწავლას კომპლექსის და ამ დოკუმენტის მომზადების პარალელურად, ჩვენ ალბათ წლის მეორე ნახევრიდან ან მომავალი წლიდან უკვე ვიწყებთ საკონსერვაციო სამუშაოებს“, – აცხადებენ სააგენტოში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კომპლექსის გადაუდებელი კვლევისა და მონიტორინგის სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წლის სექტემბერში დაასრულეს. რომლის მიხედვითაც, ძეგლზე გამოვლინდა სხვადასხვა მასშტაბის ჩამონგრევისა და ვითარების გაუარესების ფაქტები.

სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე განსასაზღვრია მეთოდოლოგია, სადაც ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები.

„კლდოვანი ნაწილის გეოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, განისაზღვრება სწორი მეთოდოლოგია მათი კონსოლიდაციისთვის მთლიან მასივთან, რომ თავიდან ავიცილოთ დიდი მასის ქვათაცვენა. მასივების ჩამოშლის შემაკავებელი ღონისძიებები რომ მივიღოთ, უკვე ვმუშაობთ მეთოდოლოგიის განსაზღვრაზე“.

„ვანის ქვაბები“ ტურისტებისთვის გახშირებული ქვათაცვენის გამო 2018 წელს დაიკეტა. მისი შესწავლაც ამავე წლიდან დაიწყო. 2019 წელს განხორციელებულმა განმეორებითმა შემოწმებამ გეოდეზიური პროცესების რეგრესი ისევ დაადასტურა, რაც ქვათაცვენის ახალი უბნების გაჩენით გამოიხატა.

ვანის ქვაბები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კლდეში ნაკვეთი ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში ნომინირებული ვარძია-ხერთვისი – ოლოდას კულტურულ ლანდშაფტში.