ძალიან კარგად მესმის, რომ 300 მილიონის ნაცვლად სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტში შეიძლება 600 მილიონი გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ. მაგრამ დღეს ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ამან უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება, – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის დახმარებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა და ეტაპობრივად ყველა ბიზნესის წარმომადგენელი უნდა მიეჩვიოს, რომ სოფლის მეურნეობას მიეხმაროს.
„ჩვენ როცა გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა უნდა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც უნდა დავხმარებოდით, ამას მარტივი ახსნა ჰქონდა. ტურიზმს რაც შეეხება, გასაგებია, პირველი დარტყმა მან მიიღო. მეორე დარტყმა კი სოფლის მეურნეობამ მიიღო. რისი მოყვანაც სოფლის მეურნეობას ჰქონდა დაგეგმილი – ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო – ეს ყველაფერი იმ ტურიზმზეც იყო გათვლილი. ჩვენ გვესმის, რომ ამ დარგის დახმარება აუცილებელია.
ფერმერს სჭირდება დახმარება, რათა შევინარჩუნოთ თავი და ერთ წელიწადში, როცა ყველაფერი აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ მზად. დაახლოებით 300 მილიონი ლარია ახლა სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი. მესმის, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო, მაგრამ მთავრობის და ნორმალური პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა ძალიან მარტივია. ის რესურსი, რომელიც აქვს სუსტი ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას, სამართლიანად უნდა გადაუნაწილდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. მესმის, რომ 300 მილიონი კი არა, შეიძლება 600 მილიონიც სჭირდებოდეს, მაგრამ დღეს ამ მინიმუმის გაკეთება შეგვიძლია…
„ჩვენს დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, პირველ რიგში მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი და საწვავის გაიაფება ძალიან დიდი თემაა, ეს ერთ დღეში ვერ იქნება, მაგრამ ეტაპობრივად ყველა ბიზნესის წარმომადგენელი უნდა მიეჩვიოს, რომ სოფლის მეურნეობას უნდა მიეხმაროს ჰორიზონტალურად ყველა, საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში. კარგი თემაა ჰექტარი მიწების ვაუჩერიზაციაც, ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ და როგორც ვიცი 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა უკვე ეს, ისევე როგორც აგროდიზელითაც სარგებლობენ, ასეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.