2 ივნისის მონაცემებით, უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე 91 810-მა დასაქმებულმა მოითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა.
მათივე ცნობით, დაკმაყოფილებულია 22 851 დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი 91 810 განაცხადი.
“კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს”, – ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება.
შეგახსენებთ: 20 მაისს შემოსავლების სამსახურმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდა, დროულად წარმოედგინათ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები. კერძოდ, უწყებამ დამსაქმებელ კომპანიებს ახსენებდა, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებისთვის განსაზღვრულ 300-ლარიან დახმარებას, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვისთვის იდენტიფიცირებულია 51 217 თვითდასაქმებული, ვინც 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.