ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა მხარდასაჭერად ახალ პროექტს – „აგრო პრესი/AGRO PRESS“ იწყებს

726

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა მხარდასაჭერად ახალ პროექტს „აგრო პრესი/AGRO PRESS“ იწყებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, პირველი გადაცემა, რომელიც ფერმერთა ასოციაციის „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირ ეთერში 2 ივნისს უნდა გასულიყო, მაყურებელთა დიდი რაოდენობით გამოწვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, 4 ივნისს, 20:00 საათზე უცვლელი სტუმრით – ეკონომისტ გიორგი ქადაგიძესთან ერთად გავა.

მათივე ცნობით, აგრო პრესი/AGRO PRESS ყოველი კვირის ორშაბათსა და პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება, გადაცემის წამყვანები კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილი იქნებიან.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, აგრო პრესი/AGRO PRESS-ში ჩაერთვებიან ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერები, ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვევო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესეული მხარე.

„პოზიტიურად შევხედეთ Covid 19-ის გამოწვევებს და როგორც იცით, დიდი მოთხოვნა წამოვიდა ონლაინ შეხვერებზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა სოფლის მეურნეობაში წასვლა და სულ იყო კითხვა: სად ვნახოთ კარგი ვეტერინარი, აგრონომი, ან პრაქტიკოსი ფერმერი? ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ონლაინ სივრცეში გაგვეკეთებინა გადაცემები, სადაც ჩაგვერთვებიან ფერმერები, დაინტერესებული მხარეები, იგივე ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვეო ორგანიზაციები და ა.შ. რათა გავიგოთ, რა არის რეალური პრობლემა. პირველი გადაცემა, როგორც იცით, ტექნიკური პრობლემის გამო 2 ივნისის ნაცვლად 4 ივნისს, საღამოს, 20:00 საათზე გავა. ტექნიკური პრობლემა მაყურებელთა დიდი რაოდენობის გამო იყო, რაც ძალიან მახარებს, რომ ამდენი ადამიანია სოფლის მეურნეობით დაინტერესებული და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ამ ინტერესისთვის და ხუთშაბათს 4 ივნისს მოვიპატიჟო გადაცემის სანახავად,“ – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

როგორც ბექა გონაშვილი აღნიშნა, გადაცემაში განხილული იქნება რეალური „ქეისები“ და პრობლემები. ამაზე ისაუბრებენ ის ადამიანები, ვინც სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები.

“იდეა როცა მწიფდებოდა, ბევრი ვიფიქრეთ, როგორი იქნებოდა. გადაცემაში განხილული იქნება რეალური ქეისები და პრობლემები. ამაზე ისაუბრებენ ის ადამიანები, ვინც სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. Covid 19-ის დროს ონლაინ სივრცეში გადასულმა შეხვედრებმა ზუსტად ის დაგვანახა, რომ მათ სჭირდებათ რეალური ინფორმაცია. იმედს ვიტოვებ, რომ გადაცემა ყველა დაინტერესებული მხარისთვის იქნება საინტერესო და მაყურებლები აქტიურად ჩაერთვებიან გადაცემის პროცესში,“ – აღნიშნა ბექა გონაშვილმა.